თეგი: მარია ზახაროვა

მარია ზახაროვა: უკრაინას არ უნდოდა ბორში ყოფილიყო საერთო, ესაა ქსენოფობია და ნაციზმი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში წლიდან წლამდე მიმდინარეობდა გამოუსადეგარი წიგნების განადგურების კამპანია. მისი თქმით, იკრძალებოდა კულინარიული ლიტერატურაც კი, იმის გამო, რომ საზიარო არ ყოფილიყო ბორშჩი. „უკრაინაში ყველაფერი იკრძალებოდა. ყველაფერი რაც დაკავშირებული იყო ეთნოსთან და კულტურასთან. კულინარიული წიგნებიც კი. რატომ? იმიტომ რომ, არ შეიძლებოდა ბორში ყოფილიყო საერთო.ის ერთი ხალხის, ერთი ეროვნების კუთვნილება უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა საერთო ყოფილიყო? და ყველა ქალაქსა და რეგიონში დიასახლისს თავისებურად მოეხარშა? არა. მათ(უკრაინელებს) არ უნდათ კომპრომისზე წასვლა. სწორედ ეს არის ქსენოფობია, რასიზმი და ექსტრემიზმის ყოველგვარი გამოვლინება“, - განაცხადა ზახაროვამ.  unian წერს, რომ 2019 წელს რუსეთის ხელისუფლებამ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბორშჩს „ეროვნული სამზარეულოს სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი რუსული კერძი“ უწოდა. საპასუხოდ უკრაინის კულტურის სამინისტრომ ბორშჩი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა. ამის შემდეგ მოსკოვმა მიანიშნა, რომ კიევის ეს კულინარიული ინიციატივა მისთვის მიუღებელი იყო. რუსეთის სახელისუფლებო გამოცემა „Российская Газета“-მ უკრაინის ნაბიჯს „საერთაშორისო სკანდალის საფუძველი უწოდა“. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ფაშინიანმა მარია ზახაროვას მოუწოდა, თავი შეიკავოს მისი სიტყვების კომენტირებისგან

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მის სიტყვებზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს, არამედ მხოლოდ უნდა გაითვალისწინოს. ასე გამოეხმაურა ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებებს, რომელმაც კომენტარი გააკეთა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებებზე ქვეყნის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) შესახებ. ზახაროვამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა კომენტარი ფაშინიანის ბოლო განცხადებაზე სომხეთის შესაძლო გასვლის შესახებ, რომლის თანახმად, სომხეთმა, შესაძლოა, დატოვოს CSTO, თუ ეს ორგანიზაცია, სადაც რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თავის არაეფექტიანობას წარმოაჩენს. ფაშინიანმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომელთაგან ერთ-ერთი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას ეხებოდა. პრემიერმა უპასუხა, რომ არ იცის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელმა წარმომადგენელმა გააკეთა ასეთი განცხადება და აღნიშნა: „რუსეთის ფედერაციაში თანამოსაუბრეები არიან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და მთავრობის თავმჯდომარე. ისეთი პატივცემული და მეგობრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც კი, როგორიც რუსეთია, ჩემს ნათქვამზე კომენტარს ვერ უნდა აკეთებდეს“. „თუ ეს ფიგურალური თქმაა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან სომხეთის გასვლის შესახებ პოზიციის ლობირებისთვის, მაშინ, ჩემი აზრით, საჭიროა სიტყვებით მანიპულირების მთელი საფრთხე მაინც გვესმოდეს“, - განაცხადა უფრო ადრე ფაშინიანის სიტყვების კომენტირებისას მარია ზახაროვამ.  

ზახაროვას თქმით, რუსეთი „აფხაზეთისკენ" რკინიგზის აღსადგენად ძალისხმევას არ იშურებს

რუსეთი მიმართავს ძალისხმევას სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ოკუპირებული აფხაზეთის გავლით. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტების ხელმოწერას სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობებს დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რომ ეს განხორციელდეს“, - განაცხადა ზახაროვამ. მანამდე „აფხაზეთის ტერიტორიის“ გავლით სარკინიგზო ტრანზიტის აუცილებლობის შესახებ განაცხადა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატინირმა. ეს თემა განიხილეს რუსეთ- საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაზე. 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით მიმართა, რომ აფხაზეთი მზადაა, „თანაბარი პირობებით“ მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის გახსნის პროექტში. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისოს საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები მისი ტერიტორიიდან.  

მოსკოვის მტკიცებით, ბაქომ თავისი გეგმების შესახებ „რუსული სამშვიდობო კონტინგენტი“ არ გააფრთხილა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას მტკიცებით, ოფიციალური მოსკოვი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ბაქომ თავისი გეგმების შესახებ რუსული სამშვიდობო კონტინგენტი არ გაუფრთხილებია. „რუსული მხარე დაჟინებით ითხოვს კონფლიქტის მხარეებისგან შეწყვიტონ სისხლისღვრა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზას ", - განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ვითომდა გააფრთხილა რუსი სამშვიდობოები ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. „ეს ცრუ ინფორმაცია. რუსულმა კონტინგენტმა აღნიშნული ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.  

ზახაროვამ კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თებერვლის განცხადებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თებერვლის განცხადებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება C-4, რომელიც რუსეთის ქალაქ ვორონეჟში გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოიტანეს საქართველოში მიმდინარე წლის 19 იანვარს. ზახაროვას ამტკიცებს, რომ „ეს პირველად არაა, როდესაც საქართველო და მისი ტერიტორია გამოიყენება მათ მიერ, ვისაც სურს პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარების დესტაბილიზაცია და მიმართავს ტერორისტულ მეთოდებს.“ „შეგახსენებთ სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმის თავაშვებულობას, როდესაც სახელდობრ საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო ტერორისტებს შეჰქონდათ ან ცდილობდნენ, შეეტანათ (ოდესღაც გამოვიდა, ოდესღაც აღიკვეთა) იარაღი, საბრძოლო მასალა, ამუნიცია, ფული და ნარკოტიკები ურომლისოდაც, ტერორიზმი მაშინაც და ახლაც, უკრაინული რეჟიმის მაგალითზე, უკვე არაა "სრულყოფილი“ თავის მახასიათებლებში,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. ზახაროვამ არ დააკონკრეტა, აქვს თუ არა მოსკოვს საქართველოს ხელისუფლებასთან ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ურთიერთთანამშრომლობა. „რაც შეეხება ანტიტერორისტულ საკითხებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედების არსებობას, ჩვენ გირჩევთ დაუკავშირდეთ რუსეთის კომპეტენტურ უწყებებს შესაბამისი კომენტარებისთვის,“ - აღნიშნა მან. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ 5 თებერვალს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება. ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება რუსეთში (ქალაქ ვორონეჟში) გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოიტანეს საქართველოში მიმდინარე წლის 19 იანვარს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით. ასაფეთქებელი ნივთიერებები, დამალვის მიზნით, შენახული იყო ავტომობილის აკუმულატორების ყუთებში. სუს-ში აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში "დარიალის" გამშვები პუნქტით სამი ასაფეთქებელი მოწყობილობის გატანა იგეგმებოდა უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით, სამი მოწყობილობა კი, თბილისში დატოვეს. ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყვნენ საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე. სუს-ის განცხადებით, "პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა."